31 January 2010

წინასალაშქრობო პოსტი

კაი ხანია, ასე ადრე არ ავმდგარვარ. მით უმეტეს, სალაშქროდ.
მთელი დეკემბერი ავად ვიყავი და კინაღამ პენსიაზეც გავედი.

1 იანვარს კი დავლაშქრეთ აბასთუმანში, თამარის ციხე, მაგრამ სიცხიანი ვიყავი და გემო ვერ ჩავატანე :).

ზოგადად, ჩემს ადრე ადგომას რაც შეეხება...
ხომ ამბობენ, ბუნებრივი საათი აქვს ადამიანსო. ჩემს შემთხვევაში ეს საათი, ხასიათების მიხედვით მუშაობს. ანუ თუ კაი ამბისთვის მიწევს ადგომა და მალე მინდა გათენება, 2 საათის ჩაძინებულიც რომ ვიყო, მაინც მაღვიძარაზე ადრე მაღვიძებს. ხოლო თუ სამსახურში ვარ წასასვლელი, მობილურით გაღიძებულს, ისევ ძილში მიმათრევს. რის გამოც ყოველთვის ვაგვიანებ სამსახურში, მინიმუმ ნახევარი საათი. კიდევ კაი, სამსახურში არ გვაქვს ამაზე პრობლემა :).

ახლაც, 8 საათზე მქონდა მაღვიძარა დაყენებული და 7:35-ზე ვჭყიტე თვალები.

დილით აუცილებლად ვსაუზმობ. ერბო-კვერცხს ვიწვავ და ყავას ვაყოლებ.
ლაშქრობაში ზოგჯერ ისეთი სიტუაციაა, საღამომდე ვერ ვჯდებით სასადილოდ და მთელი დღე ცარიელი სტომაქით ხომ არ ვიქნები? ენერგიის მარაგის შევსებას თავი რომ დავანებოთ, კუჭს დიდ პატივს ვცემ :D.

ზამთრის ლაშქრობებში, წივწივღოველების ნაჩუქარი თერმოსით მიმაქვს ჩაი ან ყავა.
გათბობით ვერ გაგათბობს, მაგრამ სიცივეში ცხელი ყლუპების ჩავლა ორგანიზმში დიდი სიამოვნებაა :D.

გასვლის დროც მოსულა...


სამშობლო მთებო!
2 თვიანი პაუზის მერე, გიბრუნდებათ თქვენი შვილი!

28 January 2010

წერილი და სიხარული

კარაველი მეგობრის, schwarz-ის პოსტმა შთამაგონა ამ ტექსტის დაწერა:

მოდი დავბრუნდეთ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც არ არსებობდა არც კომპიუტერი, არც მობილური და ვერც საქალაქთაშორისო და ქვეყანათაშორის ზარებს განახორციელებდი სახლიდან.

წარმოიდგინე სიტუაცია:

ზიხარ შენთვის სახლში და უსმენ კასეტიან მაგნიტოფონს, რომელზეც უკვე მეათასეჯერ ატრიალებ ბითლების სიმღერას. იმას არაუშავს, პერიოდულად კასეტის ამოღება რომ გიწევს... ხან მანიკურით აბამ, უკვე მერამდენედ გაწყვეტილ ლენტას, ხანაც ფანქარზე ან თითზე ატრიალებ, ჩახვეულ და "დაღეჭილ" კასეტას.

ხარ ამ იდილიაში და უცებ კარზე ზარი გაისმის... აღებ და... ვინ არის?.. დიიდი ტყავის ჩანთისგან, მარცხენა მხარ დაქაჩული ფოსტალიონი :)...
ღიღინებს, კაი ხასიათზეა... ალბათ ქვედა სართულზე გადააკვრევინეს ერთი ჭიქა.
ჩანთიდან თეთრ კონვერტს იღებს და მსაჯივით, როგორც ყვითელ ბარათს, ისე გიჩვენებს.
თვალები ვერცხლის კბილზე მეტად უბრწყინავს და გაბადრული გიყურებს... იცის როგორ ელოდები ამ წერილს (ეს ბოლო კვირა, ყოველ დანახვაზე ახსენებ თავს).

გახარებულმა, როგორ გამოართვი წერილი და როგორ გაისტუმრე, არ გახსოვს... ის კი ნაღდი იცი, რომ მადლობა (თან დიდი) ნამდვილად უთხარი და სამმანეთიანიც ჩაუკუჭე გულის ჯიბეში.

დგახარ მიხურულ კარებთან და ხარბად ითვისებ საყვარელი ადამიანის ხელით, სათუთად გამოყვანილ ყოველ ასოს...
ათვალიერებ და სწავლობ ყველა დეტალს - შეიძლება ლამაზი ხელწერა არ აქვს, მაგრამ აშკარაა, როგორ მოუნდომებია, ნაწერი კოხტა გამოსულიყო.

თითქოს პირველად, თავიდან-ბოლომდე კითხულობ მისამართებს, კოდებს, ციფრებს. თან თითებით ამოწმებ კონვერტის სისქეს, ცდილობ გამოიცნო, რამდენი ფურცელი იქნება შიგ... ერთი, ორი... ალბათ სამი?! და გიხარია! მთელი სამი ფურცელი, სავსეა ძვირფასი ადამიანის ნაწერით და ეს ფურცლები შენია, ტექსტიც მხოლოდ შენთვისაა დაწერილი.

... უკვე ზიხარ, და იმაზე ფიქრობ, როგორ გახსნა ისე, რომ მინიმალურად დააზიანო.
როგორ შეიძლება გაფხრიწო და გადააგდო კონვერტი, სადაც ასეთი ძვირფასი წერილი დევს?! აუცილებლად მასთან ერთად უნდა შეინახო!

მაკრატელზე უკეთესი იდეა არ მოგდის თავში... ნაპირს თხლად აჭრი, ორად გაკეცილი ფურცლები ამოგაქვს და სანამ კონვერტს გვერდზე გადადებ, შიგნით იყურები... იქნებ კიდევ... უცებ ფურცლებიდან ფოტო გადმოსრიალდება და  მუხლებზე გეცემა... ჰო, ის არის :)... ფოტოდან გიღიმის :).

ამჯერად ფოტო გადის დეტალურ დათვალიერებას... მისი მონატრებული ნაკვთები, თვალები, ღიმილი :). როგორ მოხდენია გარუჯვა და ზღვის ჰაერი.
ფოტოს უკანა მხარეს წარწერაა - ბათუმი... ან სოხუმი... ან... არ აქვს მნიშვნელობა... 197X წელი.

დროებით ისევ კონვერტში აბრუნებ და მთელი ყურადღება წერილზე გადაგაქვს.
თვალები სწრაფად დარბიან სტრიქონებზე, შენს გონებას მორევივით ითრევს ტექსტი. გეღიმება, ხან წარბებს მაღლა სწევ... მასთან ერთად დარბიხარ პლაჟზე და ტალღებს ეთამაშები... აი უკვე, საღამოა, ერთად ზიხართ კენჭებიან ნაპირზე და მზის ჩასვლას უმზერთ...

და ასე... უკვე აღარ იცი, მერამდენედ კითხულობ... ეს ფურცლები და ეს სიტყვებია, მასთან რომ გაკავშირებს. შეიძლება გეჩვენება, მაგრამ შეიძლება მართლაც აქვთ ფურცლებს, მისი სუნამოს და იქნებ ზღვის სურნელებაც.
არაა, არ გეჩვენება... ეს ოდნავი ლაქებიც მაგას მიანიშნებს. ალბათ სპეციალურად აპკურა, იმ იმედით, რომ უფრო ცოცხალი და რეალური იქნებოდა. რასაც ამ წერილის კითხვისას განიცდიდი...

*  *  *

ჰოდა რას ვიბოდიალე და რისი თქმა მინდა ამ ტექსტით...

რა ხდება დღესდღეობით?
მობილურ კავშირზე და SMS-ებზე რომ არაფერი ვთქვათ, E-Mail-ზე დღეში ათეულობით წერილი მოდის. ნებისმიერ ადამიანს მომენტალურად უკავშირდები ნებისმიერ ქვეყანაში, ატარებ ვიდეო-კონფერენციებს და ვინ იცის, უახლოეს მომავალში კიდევ რა სიურპრიზებს გვიმზადებს თანამედროვე სამყარო...
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, უნდა განვვითარდეთ და მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ ჩვენი ცხოვრება და ურთიერთობები, მაგრამ...

მე მეჩვენება, რომ გაუფასურდა ძალიან ბევრი რამ.
ურთიერთობის თანამედროვე საშუალებები, მეტ თავისუფლებას გვაძლევენ. ნაკლებად ვაკონტროლებთ და ვწონით სიტყვებს... მოკლედ ეს კიდევ სხვა პრობლემაა და ცალკე განხილვის საგანი.

არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ თითქოს მაზოხისტი ვარ და მირჩევნია 2-3 კვირა ველოდო რაღაც ქაღალდის ფურცელს, როცა შეიძლება წამის მეათედში გააგებინო ადამიანს სათქმელი...

უბრალოდ, ალბათ კარგი იქნებოდა, არ დაგვევიწყებინა ურთიერთობის ის ფორმები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავებულ გრძნობებს აღძრავენ ჩვენში და „წონაც“ და „ფასიც“ ბევრად მეტი აქვთ :).

არ ვიცი, არა მგონია მხოლოდ მე ვფიქრობდე ასე, ალბათ თანამოაზრეებიც მეყოლებიან.
მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ტკბილ მოგონებად დაგვრჩება (ეს, რა თქმა უნდა მათ, ვისაც გვახსოვს. ხოლო ვინც საერთოდ არ იცის ეს რას ნიშნავს, იმათ ალბათ არც ადარდებს :)).
და არ ვიცი, თუ ვიღაც „იდეინი“ არ ხარ და ძალიან არ მოინდომე, რატომ უნდა წახვიდე ფოსტაში წერილის გასაგზავნად, როცა აქვე სახლში, დააკაკუნებ თითებს კლავიატურაზე, „ენტერს“ დააჭერ და უკვე იმაზე ფიქრობ, უცებ რომ მოგწეროს, პასუხი არ დაუგვიანო  :).

23 January 2010

პირველი პოსტი

ეს ბოლო ხანები, მოვუხშირე ნაცნობ-მეგობრების ბლოგების სტუმრობას და ვხვდები, რომ მეც მიჩნდება წერის მოთხოვნილება.

საკმაოდ დიდი ხანია, საკუთარი ბლოგის წარმოების სურვილი მაქვს, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი.
თანაც, საწერი თემა ვერ მოვიფიქრე. პირადულზე წერა არ მინდოდა და რაღაცაზე ხომ უნდა მეწერა, არა :)?

ასევე ძალიან მაცდურად გამოიყურებოდა სვითის ბლოგერობის გაკვეთილები, მაგრამ ამ ცდუნებასაც გავუძელი :D.

თუმცა, გუშინდელი მორიგი "ჩამოვლის" დროს, პერწკლის ბლოგში ყოფნისას, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად მინდა ბლოგის გაკეთება და მადლობა მას ამისათვის :).

დღეს დავარეგისტრირე ეს დომენი, სვითის ტუტორიალის დახმარებით და მასაც მადლობას ვუხდი :). ამის გარეშეც არ იქნებოდა ძნელი და ვაი-უშველებელი, მაგრამ ლანგრით მორთმეული ჯობია, რა თქმა უნდა.

ბლოგის დიზაინზე და "დანავაროტკებაზე" ბევრი არ მიფიქრია და სამწუხაროდ, ალბათ ვერც ვუახლოეს მომავალში მოვიცლი.
საკმარისი დრო უნდა დავახარჯო, რომ ისეთი გამოვიდეს, როგორიც მინდა და არა როგორიც გამოვა.

რას დავწერ ამ ბლოგზე?
ჯერ არ ვიცი. ალბათ ცოტ-ცოტას ყველაფერს.

ჯერჯერობით არ ვაპირებ არავისთვის თქმას და თუ მოხდა სასწაული და შემთხვევით შემოხეტიალდით, Welcome :).

აჰა, ფილმიც გადმოწერილა.
წავედი ახლა მე.
მთავარია ბლოგი უკვე მაქვს და დანარჩენი მერე იყოს :).